|
 |
პროგრამები
1. მულტიკულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების
კომისია
კომისიის მიზანია წარმოაჩინოს იგპ-თა ინტერესები და გადაუჭრას პრობლემები მათ
ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილზე, მოახდინოს მათი მშვიდობიანი
დაბრუნების ადვოკატირება შერიგებისა და მშვიდობის აღმშენებლობის
პროგრამების მეშვეობით. კომისიაში შედიან საზოგადო მოღვაწეები,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სტრუქტურების,
მასმედიის, ბიზნესის წარმომადგენლები. სხვადასხვა მიმართულებაზე
სხვადასხვა ადამიანები მუშაობენ.
კომისიის
საქმიანობა პირველ ეტაპზე გულისხმობს, მაგრამ არ იზღუდება ტრენინგებითა
და კონსულტაციებით კომისიის წევრებისთვის, მსჯელობით ახალ
ინიციატივებზე, როგორებიცაა კონფლიქტის მოგვარების კონცეფცია,
მშვიდობიანი ინიციატივები, ადვოკატირება, იგპ-თა საყოფაცხოვრებო
პირობების გაუმჯობესება, საინფორმაციო მასალების მომზადება და
გავრცელება.
კომისიის საქმიანობის ფარგლებში ტარდება ტრენინგები საზღვრისპირა ზონების
ადგილობრივი ადმინისტრაციისათვის, სამოქალაქო ფორუმები, ერთობლივი
სემინარები მთავრობისა და თემის აქტივისტებისათვის, დებატები აქტუალურ
თემებზე.
2. ფსიქორეაბილიტაციური და სამედიცინო დახმარება
1995 წლიდან ასოციაცია ზრუნავს კომუნალურ ცენტრებში ჩასახლებულ ბავშვთა
ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე, აწყობს ოთახებს, დამატებით მეცადინეობებს,
ხელმძღვანელობს კომპაქტურ ცენტრებში მცხოვრებ პედაგოგთა მომზადებას,
აარსებს ბიბლიოთეკებს უქონელთათვის.
ყოველწლიურად ეწყობა ნაძვის ხის ზეიმები იგპ-თა კომპაქტურად დასახლებულ
ცენტრებში ქ. თბილისსა და გორში. ბავშვებს უმასპინძლდებიან, ურიგდებათ
საჩუქრები და იმართება კონცერტი (ფინანსური მხარდაჭერა - ევანგელისტური
ეკლესიების ასოციაცია EED (გერმანია), HAELLA).
რამდენიმე წელია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფუნქციონირებს ბავშვთა
ოთახი, ქ. გორში კი, ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი.
ბავშვებთან მუშაობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში
თბილისის
რესპუბლიკური საავადმყოფო წარმოადგენს იგპ-თა კომპაქტურად დასახლების
ერთ-ერთ ცენტრს. ოჯახები, ფაქტიურად, მოქმედ განყოფილებებში,
საავადმყოფოს პალატებში ცხოვრობენ. ძირითადად, ეს ყოფილ დაჭრილთა
ოჯახებია, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობდნენ და იქვე დარჩნენ
საცხოვრებლად. საავადმყოფოში მუდმივად ცხოვრობს 100-ზე მეტი ბავშვი,
რომლებსაც არც სათამაშო ადგილი გააჩნიათ და არც სამეცადინო კუთხე.
უკიდურესი გაჭირვების გამო მათ უმრავლესობას სასკოლო
სახელმძღვანელოების შეძენაც არ შეუძლია. მშობლები მთელი დღე საშოვარზე
არიან გასულები და ბავშვები საკუთარი თავის ამარა რჩებიან. ასოციაცია
"თანხმობა" შეეცადა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა იგპ-ებსა და კერძოდ,
ბავშვებს. 1997 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დროებით გამოიყო ოთახი,
სადაც გამოცდილი ფსიქოლოგები ბავშვების ფსიქორეაბილიტაციაზე ზრუნავენ,
საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოეწყო საზაფხულო ბანაკები, ბავშვები
სწავლობენ ხელობას.
იაპონიის
ქალთა ასოციაციის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მოეწყო
სამედიცინო ოთახი ბავშვებისათვის. მუშაობს ქსოვის, ხატვის, ხეზე კვეთის
წრეები, პედაგოგები ამეცადინებენ ბავშვებს, ეხმარებიან საშინაო
დავალების მომზადებაში. შეიქმნა სასკოლო სახელმძღვანელოების
ბიბლიოთეკა.
საახალწლო დღესასწაულებზე ტარდება ნაძვის ხის ზეიმები და ბავშვებს ურიგდებათ
საჩუქრები.
ბავშვები ჩართულნი არიან მხატვრულ თვითშემოქმედებაში და სხვადასხვა
სადღესასწაულო თარიღებისთვის ამზადებენ საზეიმო კონცერტებს.
მუშაობა გორის ბავშვთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში
ასოციაციის
ფილიალის ბაზაზე ქ. გორში ფუნქციონირებს ბავშვთა ცენტრი, რომელშიც
მუშაობს ხატვის წრე უმცროს და უფროსკლასელთათვის, ხელსაქმის (ქსოვა,
ქარგვა, ჭრა-კერვა), უცხო ენების, ფოტოგრაფიის წრეები. ბავშვები
სწავლობენ კომპიუტერზე მუშაობას, ფუნქციონირებს ლითონისა და ხის
დამამუშავებელი სახელოსნო, სპორტული წრეები (პროგრამებს ხელმძღვანელობს
ხ. ლობჟანიძე). წრეებში მეცადინეობენ როგორც ცხინვალის რეგიონიდან და
აფხაზეთიდან დევნილი პირები, ისე მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი
ბავშვები. ცენტრის საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა
ბავშვების შემეცნებითი შესაძლებლობები, მათი მონაწილეობა ბავშვთა და
ახალგაზრდული ქსელების საქმიანობაში. ბავშვებს საშუალება მიეცათ
მონაწილეობა მიიღონ საბავშვო ჟურნალის "თეთრი წეროს" მუშაობაში,
გაემგზავრონ სარეაბილიტაციო და სამშვიდობო ბანაკებში, გაიარონ ბავშვთა
უფლებების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები.
მობილური
სამედიცინო ბრიგადა (ნ. ერქვანია, ი.შონია, ც. გრძელიშვილი,
მ.ხარაშვილი) რეგულარულად ატარებს გორის კომუნალური ცენტრებისა და მისი
მიმდებარე სოფლების (ერგნეთი, შინდისი, ტყვიავი, ბელოტი, არზნეთი,
კინდღისი, ვარიანი, დიდსიში და სხვ.) შემოწმებას, უწევს პირველად
სამედიცინო დახმარებას, აძლევს დანიშნულებას და უნაწილებს პირველადი
დახმარების მედიკამენტებს. მობილური ჯგუფის ექიმები ატარებენ
კონსულტაციებს, ლექცია-საუბრებს მოსახლეობასთან, ურიგებენ მათ
საინფორმაციო ბუკლეტებს.
ანალოგიური პროგრამები ტარდება ბორჯომის რაიონსა და გალის რაიონის ქვედა
ზონაში, სადაც სამედიცინო ჯგუფი ნ. თარბაიას ხელმძღვანელობით ატარებს
გასვლით ღონისძიებებს ქვედა ზონის 14 სოფელში, უწევს უფასო სამედიცინო
დახმარებებსა და კონსულტაციებს.
3. საგანმანათლებლო პროგრამები
იგპ-თა არაფორმალური ლიდერებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა
სემინარები კონფლიქტების მოგვარების მეთოდების, შერიგების, ძალადობის
ალტერნატივების საკითხებზე. ასოციაციის სერტიფიცირებულმა მწვრთნელებმა
ჩაატარეს სემინარები შემდეგ თემებზე:
- დაგეგმარება;
- მოხალისეები;
- ლიდერობა;
- აქტიური კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებები და კონფლიქტების მოგვარება;
- ქალთა უფლებები;
- იგპ-თა უფლებები;
- გენდერული თანასწორობა;
- შიდსის პროფილაქტიკა.
საგანმანათლებლო პროგრამებს მხარი დაუჭირეს EED, IDEE, BERGHOF Foundation და
ფონდმა "შერიგების რესურსები".
ასოციაციამ
სამხრეთ კავკასიის ქალთა ქსელის ფარგლებში ჩაატარა ფორუმები:
"ახალგაზრდობის პრობლემები პერიფერიაში" (გარდაბანი), "ახალგაზრდობის
უმუშევრობა, რასაც კრიმინოგენულ ვითარებამდე და ნარკომანიამდე
მივყავართ" (ბათუმი), საზღვრისმიღმა ფორუმი "მიგრაცია და პრობლემის
მოგვარების გზების ძიება" (ბათუმი), "კონფლიქტის ზონების მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები" (გორი).
მშვიდობის ინსტიტუტთან (აშშ) თანამშრომლობით ასოციაციამ არასამთავრობო
ორგანიზაციათა ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის ჩაატარა
რეგიონალური სემინარები კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებათა
ჩვევების შემუშავების საკითხებზე.
დანიის ლტოლვილთა საბჭოს - DRC-ის მიერ CRINGO-ს ქსელის ფარგლებში დაფინანსდა
უპოვარი იგპ-ებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგების აქცია
თბილისსა (აფხაზეთიდან ადგილნაცვალთათვის ორ კომპაქტურად დასახლებულ
ცენტრში) და გორში (ცხინვალიდან დევნილთათვის).
ასოციაციაში
მუშაობს საკვირაო სკოლა ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებსაც უტარდებათ
ტრენინგები კონფლიქტების ანალიზისა და ტრანსფორმაციის საკითხებზე.
მეცადინეობა ტარდება სპეციალური სახელმძღვანელოთი "დისკუსიები
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ", რომელიც BERGHOF Foundation-ისა
და "შერიგების რესურსების" მხარდაჭერით მოამზადეს ქართველმა და აფხაზმა
მეცნიერებმა. პარალელურად, ასეთივე მეცადინეობები უტარდებათ აფხაზეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (ქ. სოხუმი), რაც კონფლიქტური
ზონების ახალგაზრდობის ერთიანი პროგრამით მომზადების საშუალებას
იძლევა.
ასოციაციის მიერ მომზადებული ახალგაზრდა მწვრთნელები ტრენინგებს ატარებენ
თბილისსა და ზუგდიდში, ასევე ეროვნული უმცირესობებისთვის, მათ მიერ
კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში (ქ.ქ. გარდაბანი, რუსთავი,
მარნეული).
4. მშვიდობის აღმშენებლობის პროგრამები
7 წლის განმავლობაში ბულგარეთში ეწყობოდა სამშვიდობო ბანაკები კონფლიქტის
ზონებიდან გამოსული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ბანაკებში
ყოველწლიურად ისვენებდა 40-50 ქართველი, ოსი და აფხაზი ბავშვი. პროექტი
ხორციელდებოდა UNHCR, UNV, EED და შვეიცარიის წითელი ჯვრის ფინანსური
მხარდაჭერით.
საზაფხულო ბანაკებში ერთმანეთს ხვდებოდნენ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და
ყირიმის ახალგაზრდები. მოეწყო ახალგაზრდა ლიდერთა დიალოგი
მშვიდობისათვის. პროექტს ხელმძღვანელობდა ი. ხარაშვილი. ახალგაზრდა
ლიდერთა დიალოგში მონაწილეობდნენ ბავშვები სამხრეთ კავკასიის
კონფლიქტის ზონებიდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან (ქართველები,
ოსები, აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ყირიმელი
თათრები). ბავშვებთან მუშაობდნენ გამოცდილი მწვრთნელები, ფსიქოლოგები
და პედაგოგები.
5. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები
ჰუმანიტარული დახმარება პროდუქტების სახით (კარაქი, ფქვილი, შაქარი, შედედებული
რძე და რძის ფხვნილი EED-სგან) ურიგდებათ ადგილნაცვალ ქალებს დედის
დღეს, 3 მარტს, აგრეთვე ომის ვეტერანებსა და მარტოხელებს. მობილური
ჯგუფის ექიმთა დანიშნულებით, ავადმყოფებს ურიგდებათ მედიკამენტები.
ყოველწლიურად, გამარჯვების დღეს, ასოციაცია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს
ულოცავს ფასიანი საჩუქრებით.
ნაკლებადუზრუნველყოფილ იგპ-თა ოჯახების 500 ბავშვს ყოველწლიურად ურიგდება
საახალწლო საჩუქრები.
6. მცირე პროექტების პროგრამა
იგპ-თა
ეკონომიური კეთილდღეობის ასამაღლებლად ტარდება საგანმანათლებლო
ტრენინგები პრიორიტეტების განსაზღვრის, ბიზნეს-წინადადებების
მომზადებისა და რეალიზაციის საკითხებზე. ტრენინგების წარმატებულ
მონაწილეებს ეწევა მხარდაჭერა მცირედი დოტაციისა თუ ტექნიკური
დახმარების სახით. დახმარებას განიხილავს და ამტკიცებს დირექტორთა
საბჭო. ასეთი დახმარება გაეწია იგპ-ებს თბილისში, წყალტუბოში,
ზუგდიდში, ნაბაკევში, გორსა და გარდაბანში (EED).
წყალტუბოს კომუნალურ ცენტრში "ელექტრომეურნეობა" 38 ადგილნაცვალი ოჯახია
ჩასახლებული. ცენტრს წყალი კვირაში ორჯერ, თითო საათით მიეწოდებოდა.
ასოციაციამ მხარი დაუჭირა ადგილობრივი აქტივისტების ინიციატივას, თემის
მოსახლეობის დახმარებით გაეყვანათ დამოუკიდებელი წყალსადენი. გაყვანილ
იქნა ახალი ხაზი და ახლა ცენტრი უწყვეტად მარაგდება წყლით.
ერთი მცირე პროექტი ხორციელდება იგპ-თა კომპაქტურად დასახლების ცენტრში,
სასტუმროში "აკადემიური". მცირე ბიზნესის დამწყებ იგპ-ებს, რომლებმაც
მაღაზია გახსნეს და პარფიუმერიით, კოსმეტიკით, სარეცხი საშუალებებითა
და ჭურჭლით ვაჭრობენ, გამოეყოთ თანხა საქონლის ასორტიმენტის
გასაფართოებლად.
მიქელ
მთავარანგელოზის ჰოსპიტალში შეიცვალა ელექტროგაყვანილობა. რამდენიმე
ადგილნაცვალმა ქალმა ასოციაციის მიერ საგანგებოდ ჩატარებული ტრენინგის
გავლის შემდეგ შეადგინა სასტუმრო "აკადემიურის" ტერიტორიაზე,
კომპაქტურად დასახლებულ ცენტრში მცხოვრები ბავშვებისთვის საკვირაო
სკოლის მოწყობის პროექტი. პროექტის მიზანია მოამზადონ ბავშვები
რამდენიმე სასკოლო დისციპლინაში, ასწავლონ ჭრა-კერვის, ქსოვისა და
ქარგვის ანა-ბანა, ჩამოაშორონ ქუჩას და შეაყვარონ შრომა.
ასოციაციის წყალტუბოს ფილიალისთვის შეძენილ იქნა ძროხა, საკერავი მანქანა, 4
სკა და ელექტრო ჰაერღუმელი. ყველა, ვინც ტექნიკური დახმარება მიიღო,
თავისი ნაწარმის ნაწილს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებს.
გალის რაიონის ქვედა ზონაში გაიხსნა საპარიკმახერო, მოეწყო ფსიქოსარეაბილიტაციო
ოთახი. გაჭირვებულმა მედდებმა მიიღეს ძროხები.
7. ასოციაციის ფილიალი გორში
ფილიალი
გაიხსნა 2002 წელს. ფილიალის მოხალისეები ცდილობენ აქტიურ
საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართონ ადგილნაცვალი პირები.
ერთი წლის მანძილზე მოხალისეებს უტარდებოდათ საგანმანათლებლო ტრენინგები.
ტარდება ქალებისა და ახალგაზრდების შეკრებები, მუშაობა ბავშვებსა და
მოზარდებთან.
დიდი ყურადღება ექცევა იგპ-თა პრობლემების ადვოკატირებას - დამყარებულია მუშა
კავშირები ადგილობრივ ადმინისტრაციასთან.
ფილიალი ასევე საქმიანობს კონფლიქტის ზონაში, ლიახვის ხეობის სოფლებში.
8. ასოციაციის ფილიალი წყალტუბოში
ასოციაცია ხელს უწყობს ადგილნაცვალი ქალების წამოწყებას მცირე ბიზნესში (იხ.
ზემოთ)
მუშაობს სხვადასხვა წრეები (ენების, ქსოვის, მუსიკის) ბავშვებისა და
ახალგაზრდობისათვის.
ასოციაციის სერტიფიცირებული მწვრთნელები ადგილნაცვალ ქალებს სისტემატურად
უტარებენ ტრენინგებს ლიდერობისა და ოჯახური ძალადობის აღკვეთის
თემებზე, ატარებენ მეცადინეობებს მცირე ბიზნესში.
ექიმთა მობილური ჯგუფი ატარებს იგპ-თა პროფილაქტიკურ შემოწმებასა და
კონსულტაციებს, საჭიროების შემთხვევაში აგზავნის მათ სამკურნალო
დაწესებულებებში.
9. ასოციაციის ფილიალი გალის რაიონის ქვედა ზონაში
სისტემატურად
ტარდება მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება, უტარდება სამედიცინო
დახმარება და დახმარება მედიკამენტებით. გამოცდილი ექიმები
კონსულტაციებს უწევენ ქალებსა და ბავშვებს.
ტარდება მუშაობა სკოლებში. ეწყობა ტრენინგები მასწავლებლებისთვის. ნაბაკევისა
და პირველი გალის ექიმებსა და პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგები
კონფლიქტების ანალიზისა და მოგვარების საკითხებზე, გენდერულ
თანასწორობაზე. ტრენინგები ჩაუტარდათ ქართულ-აფხაზური ერთადერთი
ერთობლივი ობიექტის, ენგურჰესის თანამშრომლებს.
ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ტექნიკური დახმარება ეწევათ
ასოციაციის წევრ ქალებს.
|
|